суббота, 10 января 2009 г.

ჩემი სოფელი


შოთიკო გაზაშვილი და ნუცა ნამორაძე გორის რაიონ სოფელ ქვემო ნიქოზიდან ვართ დევნილები. ლეგენდის მიხედვით, სადაც ახლა ჩვენი სოფელია, დიდი კაკლის ხეები ყოფილა, ამის გამო შეურქმევიათ “ნიგოზა”, დროთა განმავლობაში კი ნიქოზი. ვახტანგ გორგასლის დროს ნიქოზში დაარსებულა საეპისკოპოსო ცენტრი, რომელიც დღესაც მოქმედებს. ნიქოზშია დაბადებული კირიონ II - საქართველოს პატრიარქი მე-19 საუკუნეში, რომელიც წმინდა სინოდმა წმინდანად შერცხა. ის ნუცას ბებიის ბიძა იყო, მისი მაგიდა და სარკე ნამორაძეებთან ინახება. მათი სახლი აშენებულია 1954 წელს დიდი პაპის მიერ.
ჩემი სახლი კი XIX საუკუნეშია აშენებული თავად ფალელაშვილის მიერ. როცა თავადობა გადავარდა, ჩემმა დიდმა პაპამ მათგან შეისყიდა სახლი მამულთან ერთად. შემდეგში ჩვენ გავაფართოვეთ, თუმცა დღესაც გვაქვს თავადების მიერ აშენებული საწნახელი-მარანი.
იმ უბანს, სადაც ჩვენი სახლი დგას, მოედანს ეძახიან, რადგან ძველად აქ იმართებოდა ქართული ჭიდაობა და იყო სოფლის თავშეყრის ადგილი, სახლთან ახლოს ჩამოედინება მდინარე ლიახვი. ძალიან ახლოსაა ცხინვალი.
ჩვენ გავესაუბრეთ სოფლის უხუცესებს-მარგალიტა ნამორაძესა და დიმიტრი თარაშვილს მათ აღნიშნეს, რომ ნიქოზში შრომაც კარგად იცოდნენ ლხენაც. კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ხალხი იკრიბებოდა ტაძარში და ლოცულობდა, შემდეგ სუფრებს შლიდნენ და მთელ ღამეს ლხინში ატარებდნენ. ახლა ყველა თავის ოჯახში აღნიშნავს კვირაცხოვლობას.
საინტერესო იყო თაგვების გაყრის რიტუალიც-თებერვალში უფროსები ჭრიდნენ ეკლის დიდ ტოტებს, სახლში შეჰქონდათ და თაგვებს უმღეროდნენ. მარგო ბებოს კარგად ახსოვს ის დრო, როდესაც მასთან საღამოობით იკრიბებოდნენ სოფლელები, „სამოვრით” ჩაის სვამდნენ, სოფელ-ქვეყანაზე საუბრობდნენ, ლოტოსაც თამაშობდნენ.
ძირითადად ოსებს და ქართველებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ნათესაური კავშირებიც ბევრი იყო, მაგრამ ხანდახან იყო „ოსიანობა”, როცა ოსები შემოესეოდნენ სოფელს, ვინც ასწრებდა გარბოდა, ვინც ვერა - ქვევრებში იმალებოდა. ოსები იტაცებდნენ საქონელს.
ლამაზი და ხალისიანი სოფელი ნიქოზი მთლიანად შეიცვალა ომის დროს. დაინგრა სახლები, სკოლა. თითქმის ყველა სახლს ატყვია ომის კვალი, მათ შორის ჩვენსასაც. საღამოობით კვლავ ისმის სროლის ხმა. ახალგაზრდებმა და ბავშვებმა დატოვეს სოფელი.
ღმერთო, მშვიდობით დაგვაბრუნე ჩვენს სოფელში.